ციცინო დავითულიანი – გეოგრაფიის დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ეკონომიკური პროფილი N14, მარტი  2014, გვ.  13-14 (16-19 რუს)

ანოტაცია

საქართველო კარსტული მღვიმეების კლასიკურ ქვეყანას წარმოადგენს. კარსტულ რელიეფს ქვეყნის მთელი ტერიტორიის 6,4% უკავია, სადაც მათი რიცხვი 1100-ზე მეტია. მათგან ყველაზე გრძელი (20 კმ) მღვიმური სისტემა წყალტუბოშია. კარსტული მღვიმეები ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობებზე, მდ. ფსოუდან ერწოს ტბამდე. აღიშნულ მონაკვეთზე კარსტული ზოლის სიგრძე 320 კმ-ს აღემატება, ხოლო მაქსიმალური სიგანე 30 კმ-ს. კარსტული მღვიმეები მრავალმა მეცნიერმა შეისწავლა, მაგრამ პირველობა ამ მხრივ ვახუშტი ბაგრატიონს ეკუთვნის. 1986 წელს შეიქმნა პირველი ქართული სპელეოკლუბი ,,თბილისი”, ორი წლის შემდეგ ,,მორიონი”, რომელშიც პირველი ქალი სპელეოლოგები გაერთიანდნენ. 1999 წელს ორივე კლუბის გაერთიანებით შეიქმნა ,,საქართველოს სპელეოლოგთა კავშირი”. მრავალრიცხოვანი კარსტული მღვიმეების არსებობის გამო იმერეთში შეიქმნა დაცული ტერიტორიების ახალი სისტემა ,,იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები”, რომელშიც გაერთიანდა სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები და 17 ბუნების ძეგლი (504,6 ჰა საერთო ფართობით). სტატისტიკური კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე – პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებზე მოდის – საერთო ვიზიტორთა 31%. ტურისტული მოტივაციის თვალსაზრისით, თანამედროვე სპელეოტურიზმი 3 ძირითად მიმართულებად იყოფა: ექსტრემალურ (Caving), სანახაობრივ (Show Cave Tourism) და სამკურნალო (Speleotherapy). საქართველოში სამივე მათგანის განვითარებაა შესაძლებელი. ექსტრემალური სპელეოტურიზმი  რეკრეაციული სპორტის სახეობაა, რომელიც დაკავშირებულია კეთილმოუწყობელი, პირველსახეშენარჩუნებული მღვიმეების აღმოჩენასთან, დალაშქვრასთან, შესწავლასთან. შესაბამისად, ამ მიმართულების ობიექტს უნდა ახასიათებდეს შეუსწავლელი, ხშირ შემთხვევაში გარკვეული ხიფათის შემცველი, ექსტრემალური გარემო, რომლის დალაშქვრაც სპეციალური სპორტული უნარის გამოვლენას მოითხოვს. ექსტრემალური სპელეოტურიზმისთვის აუთვისებელი მღვიმეები მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები დარჩა, ამიტომ შეუსწავლელობის ფაქტორი, ჩვენი რამდენიმე მღვიმისთვის შეიძლება ხელსაყრელიც კი აღმოჩნდეს. სპელეოტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტურიზმის დარგია. სხვა რესურსებისაგან განსხვავებით კარსტული მღვიმის გადაქცევა ტურისტულ-რეკრეაციულ ობიექტად საჭიროებს: დიდ ფულად სახსრებს, მაღალი დონის უსაფრთხოების წესებს, მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდებს და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების მიღწევას. ზემოთაღნიშნული ფაქტორები ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მრავალრიცხოვანი სპელეორესურსებისა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი საქართველოში სპელეოტურიზმის აღორძინებისათვის.

საკვანძო სიტყვები

 

სტატია რუსულ ენაზე